საგანმანათლებლო თანამშრომლობა ამერიკულ აკადემიასა და ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს შორის
სექტემბერი 21, 2026
„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისსა“ და „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას“ შორის, სამწლიანი ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, მედიცინით დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ როგორც მედიცინის საფუძვლებს, ისე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მიღწევებს.
პროექტის ფარგლებში, აკადემიის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების რამდენიმე ჯგუფმა „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ 2-4-კვირიანი, პრაქტიკული და ინფორმაციული სტაჟირება გაიარა.
პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობის პრინციპებს, შესაბამის კანონმდებლობასა და რეგულაციებს, JCI (Joint Commission International) აკრედიტაციის პრივილეგიებს, თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა სამედიცინო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი, გაცნობოდნენ ნარჩენების მართვისა და ინფექციის პრევენციის სისტემებს, დასწრებოდნენ სხვადასხვა კვლევას, პროცედურასა და ქირურგიულ ჩარევას, ასევე შეესწავლათ საბაზისო სამედიცინო მანიპულაციები და პირველადი დახმარების პრინციპები
კურსის წარმატებით დასრულებისას მონაწილე მოსწავლეებს “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისგან” სარეკომენდაციო წერილები გადაეცათ.
აღნიშნული თანამშრომლობა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ნაწილია და მიზნად ისახავს მომავალი თაობის პროფესიულ განვითარებასა და ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების მხარდაჭერას.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ და განსაკუთრებით ქალბატონ ანა ბოქოლიშვილს თანამშრომლობისა და ამ საინტერესო მასალის გაზიარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.