სასწავლო პროგრამების მიმოხილვა

სწავლების ხუთწლიანი პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა მომზადებას არა მარტო ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლებისთვის, არამედ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი ცნობილი უნივერსიტეტისთვის. ყველა საგანში, გარდა ქართული და რუსული ენებისა, სწავლების ენად ინგლისური გამოიყენება.


ჩვენი აკადემიური პროგრამა მოსწავლეებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს: 

- მოსწავლეებმა ყოველდღიურად უნდა მოამზადონ დავალებები ყველა საგანში;

- აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, გაკვეთილის განმავლობაში კონტაქტში იმყოფებოდნენ არა მხოლოდ მასწავლებელთან, არამედ თანაკლასელებთან;

- სწავლის პროცესში მოსწავლეებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ კომპიუტერული ტექნოლოგიები;

- ყველა საგანში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერას;

- გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულოა. ხშირი გაცდენების შემთხვევაში მოსწავლეს დააკლდება ნიშანი შესაბამის საგანში ან მოეთხოვება პროგრამის ხელმეორედ გავლა.


სასწავლო წელი დაყოფილია ორ სემესტრად. ყოველი სემესტრის პირველ ნახევარში მასწავლებლები ოფიციალურად აფასებენ მოსწავლეთა ცოდნას, პირველი და მესამე მეოთხედის ბოლოს კი, დამატებით აცნობებენ მშობლებს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ. თითოეულ საგანში კვირაში ოთხი ჩვეულებრივი და ერთი ორმაგი გაკვეთილი ტარდება. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები მონაწილეობენ სპორტულ და კლასგარეშე ღონისძიებებში. 

ჩვენი აკადემიური პროგრამა ტიპური ქართული სასკოლო პროგრამებისგან უპირველეს ყოვლისა იმით განსხვავდება, რომ ჩვენი სასწავლო კურსები უფრო ინტენსიურია და ყოველ საგანს კვირაში ხუთი საათი ეთმობა. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აქტიურად ჩაებან პრაქტიკულ საქმიანობაში და სრულად ისარგებლონ მაღალი დონის სახელმძღვანელოებითა და ტექნოლოგიებით.