ჯოზეფ კამპანა — აკადემიის ახალი დირექტორი

სექტემბერი 01, 2026

ბატონ კამპანას განათლების სფეროში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ათი წლის განმავლობაში იგი იყო სკოლის ხელმძღვანელი და მონაწილეობდა ადმინისტრირებაში. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იგი ბეირუთის ამერიკულ სათემო სკოლაში (American Community School Beirut) მუშაობდა, სადაც სხვადასხვა დროს ინგლისური ენის მასწავლებლის, დირექტორის მოადგილისა და უმაღლესი საფეხურის (9-12 კლასების) სკოლის დირექტორის თანამდებობეს იკავებდა. მისი საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს მუშაობას ეგვიპტის, ინდოეთის, ბრაზილიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში.

ბატონ კამპანას მიღებული აქვს განათლების ლიდერობის მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების სკოლაში (Harvard Graduate School of Education), ასევე აქვს სკოლის მართვისა და ლიდერობის სერტიფიკატი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში (Harvard Business School). მას გავლილი აქვს ჰარკნესის მეთოდის სპეციალური ტრენინგი Phillips Exeter Humanities Institute-ში. 

დისკუსიაზე დაფუძნებული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისადმი მისი მიდგომა სრულად ეხმიანება ამერიკული აკადემიის საგანმანათლებლო ფილოსოფიასა და ჩვენს აკადემიაში დამკვიდრებულ ჰარკნესის მეთოდით სწავლების ტრადიციას.

ბატონი კამპანასთვის წარმატებული სკოლა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ განისაზღვრება. მისთვის სკოლა არის ადგილი, სადაც თითოეული მოსწავლე გრძნობს, რომ მას იცნობენ და მხარს უჭერენ, სადაც მასწავლებლების შრომა დაფასებულია, ხოლო ოჯახები სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობენ თავს.

გვიხარია, რომ ბატონი კამპანა ჩვენი გუნდის წევრია და მოუთმენლად ველით, რომ მომდევნო თვეებში ჩვენი მოსწავლეები, მშობლები, კურსდამთავრებულები და მეგობრები მას უკეთ გაიცნობენ. 

გვსურს, წარმატება ვუსურვოთ ბატონ ჯოზეფ კამპანას ამერიკული აკადემიის ახალი დირექტორის რანგში!