სკოლის ისტორია

ამერიკული აკადემია თბილისში დაარსდა 2001 წელს. აკადემიის დამაარსებლები არიან გივი ზალდასტანიშვილი, ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა, დონალდ თომასი, ამერიკელი პედაგოგი, რომელიც წლების მანძილზე ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა სახელმწიფო და კერძო სკოლებს ბოსტონში (მასაჩუსეტსი) და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, მოწოდებულია შეასრულოს სანიმუშო სკოლის როლი ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის პროცესში, რომელიც საბჭოთა სისტემიდან დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკაზე ქვეყნის გადასვლის პარალელურად ხორციელდება. ეს გულისხმობს სწავლების დრომოჭმული, საბჭოთადროინდელი მეთოდების შეცვლას სწავლების ინტერაქტიური მეთოდოლოგიით, რაც, უპირველესად, კრიტიკული ანალიზის, წერითი უნარ-ჩვევებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში გამოიხატება.



აკადემიის პედაგოგიური კოლექტივის ბირთვს ქმნიან მასწავლებლები, რომელთაც პროფესიული მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიარეს (ჰარვარდის უნივერსიტეტისა და სიმონსის კოლეჯის მაგისტრატურა), ფილიპს ექსეტერის აკადემიაში კი ჰარკნესის სწავლების მეთოდს დაეუფლნენ. აკადემიის მასწავლებლები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს საკუთარ კლასებშიც იყენებენ და სხვა მასწავლებლებსაც უზიარებენ. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - განათლების განვითარებისა და კვლევის ცენტრმა -  უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ჩაატარა ექვსი შვიდკვირიანი სემინარი თბილისის მასწავლებლებისთვის და ინტენსიური ერთკვირიანი სასემინარო პროგრამები რეგიონების მასწავლებლებისთვის (2005 წელს თელავში და 2006 წელს ქუთაისში). რეგიონალური პროგრამები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მთლიანობაში ამ სემინარებში 500 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

2005 წელს აკადემიამ კურსდამთავრებულთა პირველი კლასი გამოუშვა. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველი ახალი გამოსაშვები კლასი წინამორბედი კლასების მიღწევებს თავისას ჰმატებს. აკადემიის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჰარვარდი, ვესტ პოინტი, მიდლბერი, უილიამსი, ვორჩესტერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ბარდი, ამერიკული უნივერსიტეტი პარიზში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბოკონი, სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტი შოტლანდიაში და სხვ. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით.



თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ისტორიის სამწლიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის ოთხწლიანი და რუსული ენისა და ლიტერატურის სამწლიანი პროგრამები. გარდა ფორმალური საკლასო მუშაობისა, აკადემიაში რეგულარულად ტარდება ლექციები საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე საგანგებოდ მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია უმაღლესი დონის საგანმანათლებლო დაწესებულების რეპუტაციით სარგებლობს. ამ რეპუტაციას დღენიადაგ განამტკიცებენ ჩვენი მოსწავლეები და კურსდამთავრებულები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ აკადემია მომავალშიც დამსახურებულად ფლობდეს საქართველოს საუკეთესო სკოლის პოზიციებს.